ნარჩენების კლასიფიკაცია

ნარჩენების კლასიფიკაცია

insulin syringes

ნარჩენი ეს არის ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს, კერძოდ:

  • სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც აქვს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ III დანართით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი;
  • არასახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს „სახიფათო ნარჩენების“ განმარტება;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
  • მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია;
  • ინერტული ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც არ განიცდის მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს – არ იხსნება, არ იწვის და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა მასალაზე არ ახდენს ისეთ გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
  • ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო;
  • თხევადი ნარჩენები – თხევად მდგომარეობაში არსებული ნარჩენები;
  • სამედიცინო ნარჩენები – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები. სამედიცინო ნარჩენების მართვა რეგულირდება ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #64 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის: სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესებით და ნორმებით“.
  • ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) – ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;
  • სპეციფიკური ნარჩენი – ისეთი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენი, რომელიც თავისი მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მართვის სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს (შეფუთვა, ზეთი, საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო- და ელექტრონული მოწყობილობები და სხვა);

საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია ნარჩენების მართვის წესები, კერძოდ, ნარჩენების წარმომქმნელებისათვის, ნარჩენების მფლობელებისათვის, ნარჩენების გადამზიდველებისათვის და ოპერატპორებისათვის დადგენილია ის ახალი ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებასთან, დროებითი შენახვასთან, წინასწარ დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან, აღდგენასა და განთავსებასთან, ასევე ამ საქმიანობების, ღონისძიებებისა და ოპერაციების ზედამხედველობასთან და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომ მოვლასთან.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბმისად ნარჩენების წარმომქმნელი და ნარჩენების მფლობელი ვალდებული არიან, ნარჩენები თავად დაამუშაონ ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცენ შესაბამისი უფლების მქონე პირებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

Leave a Reply

Your email address will not be published.